”შიმშილის პრობლემას გლობალური განზომილება გააჩნია”

სასურსათო უშიშროება (უსაფრთხოება) განეკუთვნება ფუნდამენტურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსათვის, რადგან დედამიწის მოსახლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათზე მოთხოვნილების ზრდაზეც. ამასთან, იგი პირდაპირ თუ ირიბად თითოეული ინდივიდის და მთელი საზოგადოების ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას უკავშირდება. წარსულში, როდესაც ადამიანი მეტად სუსტი იყო ბუნებრივი მოვლენების წინაშე და ვერ ფლობდა მათზე ზემოქმედების მნიშვნელოვან საშუალებებს, ხშირი იყო არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით გამოწვეული შიმშილობები. ისტორიაში მრავალი ამგვარი ფაქტია აღწერილი (ეგვიპტე, რომი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბოჰემია, პოლონეთი, ირლანდია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.). შიმშილობას საქართველოში, მისი უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობების გამო, ძირითადად მტრის შემოსევები და ეპიდემიები განაპირობებდა, რაც ისტორიულ დოკუმენტებშიც ფიქსირდება. 735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ისე დაზარალებულა ქართლის სოფლის მეურნეობა, რომ მემატიანე წერს: “…აღარა იპოვებოდა ნიშნები არც საჭამადი კაცთა და პირუტყუთა”. დიდი შიმშილობები იყო შუა საუკუნეებში ბაგრატ IV მეფობის დროს 1050-1060 წლებში. ამ ფაქტს შესწრებია ათონის მონასტრიდან ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც დააფიქსირა ეს მოვლენა. 1811 წელს შიმშილობის მიზეზი გახდა ქვეყანაში შავი ჭირის ეპიდემია, მკაცრი ზამთარი და წყალდიდობები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უკანასკნელ პერიოდში დედამიწის მოსახლეობის გაორმაგების ტემპი 38 წელს უდრის, ხოლო ტექნიკურ-ტექნოლოგიური ცოდნისა და სამეცნიერო მიღწევების დონე ყოველ 40 წელიწადში ორმაგდება, ანუ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კაცობრიობის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ზრდის ტემპიც გეომეტრიული პროგრესიის შესაბამისია, ოღონდ იგი ოდნავ ჩამორჩება მოსახლეობის ზრდის ტემპს, რაც არ შეეძლო სცოდნოდა მალთუსს. მოსახლეობის ზრდასა და სურსათით უზრუნველყოფას შორის წინააღმდეგობა განსაკუთრებით კარგად ვლინდება, როდესაც ვეხებით მიწის რესურსების გამოყენების საკითხს. კერძოდ, ერთი მხრივ, მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების ზრდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ზრდას მოითხოვს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილი აქვს ნაყოფიერი მიწების შემცირებას, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ბუნებრივი რესურსები სასურსათო პროდუქციის წარმოების გასაფართოებლად მსოფლიოში უკიდურესად შეზღუდულია. მათი განაწილების საკითხი ყოველთვის და ყველგან ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. იგი უფრო გამწვავდება მომავალში. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა მოკლე ხანში კაცობრიობა სურსათის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ადამიანის მოთხოვნილება განუსაზღვრელად იზრდება, ხოლო სურსათის წარმოების რესურსები განსაზღვრულია, ე.ი. არა უსაზღვრო. .

No comments:

Post a Comment