”იაპონიის კრიზისი”

იაპონიაში მიწისძვრით დაზიანებულ ატომურ სადგურზე სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ და რადიაქტიური მასალის შემდგომი გაჟონვის აღკვეთას ცდილობენ. ობიექტიდან დღის განმავლობაში თეთრი კვამლი გამოიყოფოდა, რაც, როგორც ვარაუდობენ, რადიაქტიური ორთქლი იყო. იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ სატელევიზიო გამოსვლაში იაპონელ ხალხს უთხრა, რომ ერისთვის ლოცულობს. იაპონიის მთავარი საზრუნავი კვლავ იმ ატომური ელექტროსადგურის გაგრილებაა, რომელიც პარასკევის ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამიმ დააზიანა. ოთხშაბათს, დღის ერთ-ერთ მონაკვეთში, სადგურს ვერტმფრენებიდან ზღვის წყალიც დაასხეს, მაგრამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. იზრდება შიში, რომ კატასტროფის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. ფუკუშიმას სადგურზე ნომერ მესამე რეაქტორს ზღვის წყალს ბევრი ვერტმფრენი ასხამდა. ეს ერთადერთი რეაქტორია, რომელიც მოიხმარს პლუტონიუმს, რომელიც ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე დანარჩენ ხუთ რეაქტორზე გამოყენებული ურანი. იაპონიის საინფორმაციო სააგენტო „კუოდოს“ მოჰყავს თავდაცვის მინისტრის სიტყვები, რომ წყლის დასხმის ოპერაცია შეწყვეტილ იქნა, ვინაიდან რეაქტორის თავზე რადიაციის დონე ძალიან მაღალი იყო. პარალელურად,საფრანგეთში მოქმედი ბირთვული უსაფრთხოების სააგენტო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ნომერ მეოთხე რეაქტორში განთავსებული უკვე გამოყენებული ბირთვული საწვავის ღეროების გამო. სააგენტოს ცნობით, მომავალი 48 საათი გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, მოხერხდება თუ არა ღეროების გაგრილება. რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის ხელმძღვანელის, სერგეი კირიენკოს თქმით, იაპონიაში ბირთვული კრიზისი ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება. ოთხშაბათს უფრო ადრე ობიექტიდან სპეციალისტების ხანმოკლე ევაკუაცია განხორციელდა, რადიაციის დონის მკვეთრი მატების გამო. ევაკუაციის შესახებ ბრძანება ერთ საათში გააუქმეს, რადგან რადიაციამ დაიკლო. სპეციალისტები სამუშაოს დაუბრუნდნენ და მესამე რეაქტორში დნობის პროცესის შეჩერების მცდელობა განაგრძეს. ევაკუაციის ბრძანების გაცემის პარალელურად, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის პირველმა მდივანმა, იუკიო ედანომ, მესამე რეაქტორის შესაძლო დაზიანებებზე გააკეთა განცხადება: „ძირითადი შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, დილის 10 საათის შემდეგ, რადიაციის დონე მოულოდნელად სწრაფად გაიზარდა და 1,000 მილისივერტს მიაღწია. ეს არის ბოლო ცნობა, რომელიც მივიღე. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ სპეციალისტები დროებით უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი.“

No comments:

Post a Comment